2025 წლის იანვრიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობა“ ქვეპროგრამა - სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის მხარდაჭერა“. ქვეპროგრამის ფარგლებში, ფსიქოლოგებისთვის ტრენინგის ჩატარების მიზნით, 24-28 ნოემბერს სსუ-ს სტუმრობდა ბიდგოშჩის უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორი ირენა კუდლინსკა.
24 ნოემბერს პოლონელი სპეციალისტი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ თეა ჯუღელს და საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსს, პროექტის კოორდინატორს, პროფ. ინდირა ძაგანიას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალგაზრდებში მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობას, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების არსებობის აუცილებლობას.
პროფესორი ირენა კუდლინსკა 25, 26, 27 ნოემბერს შეხვდა ფსიქოლოგებს. პოლონელმა სპეციალისტმა განიხილა ისეთი საკითხები, როგორებიცაა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების საქმიანობა პოლონეთის უნივერსიტეტებში; ფსიქოლოგების გადამზადება საკონსულტაციო ცენტრებში სამუშაოდ; რეკომენდაციების შემუშავება ქვეყანაში პოლიტიკის შემქმნელებისა და სამთავრობო უწყებებისთვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის არსებულ სტანდარტებში ახალი სტანდარტის დანერგვის მიზნით.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ: სსუ-ის პროფესორი, ფსიქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი კახი კოპალიანი; ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარინა აროშიძე; სსუ-ის ასოცირებული პროფესორი თამარ ადეიშვილი, სსუ-ის პროფესორის ასისტენტი ირმა შომახია.
პროფესორი ირენა კუდლინსკა საგანგებოდ დაინტერსედა სსუ-ის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრის მუშაობით, შეხვდა კონსულტანტ თამარ კაჭარავას, რომელმაც წარადგინა პრეზენტაცია ჩატარებული სამუშაოების თაობაზე. კერძოდ, აღნიშნა:
სტუდენტური ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი 2025 წლის განმავლობაში მიზანმიმართულად მუშაობდა, რათა სტუდენტებს ჰქონოდათ უსაფრთხო, მხარდამჭერი და პროფესიონალური გარემო პიროვნული და ემოციური განვითარებისთვის. ცენტრმა ორი წლის განმავლობაში მომსახურება გაუწია ჯამში 43 სტუდენტს, ჩატარებულია 284 საათი ინდივიდუალური ფსიქოლოგიური კონსულტაცია. კონსულტაციების ფარგლებში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა ემუშავათ:
• ემოციურ მდგომარეობაზე;
• სტრესსა და შფოთვაზე;
• აკადემიურ სირთულეებზე;
• პიროვნულ საკითხებსა და თვითგანვითარებაზე.
ასევე, მოხალისეობრივ საწყისებზე, EAP-ის ფსიქოთერაპევტებმა ჩაატარეს ჯგუფური თერაპიის შეხვედრები, რომელთა მიზანი იყო:
• მონაწილეთა მხარდაჭერის გაძლიერება;
• ემპათიისა და სოციალიზაციის უნარების განვითარება;
• გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა.
როგორც მოწვეული სპეციალისტების, ისე ცენტრის თანამშრომლის მიერ ჩატარდა მენტალური ჯანმრთელობისა და დასაქმების მხარდაჭერის უნარების განმავითარებელი ტრენინგები თემებზე:
• თვითმოტივაცია;
• სტრესის მართვა;
• თვითშეფასების გაძლიერება;
• სტუდენტებისთვის CV-ისა და სამოტივაციო წერილის სწორად შედგენის სწავლება;
• გასაუბრების გზით თვითპრეზენტაციის ტექნიკების გაცნობა;
• დასაქმებისთვის საჭირო პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება.
ცენტრის მუშაობის ეფექტიანობის შეფასების მიზნით, ჩატარდა ყოველწლიური ანონიმური გამოკითხვა. მიღებული შედეგები მიუთითებს მაღალ კმაყოფილებასა და სერვისების მნიშვნელოვნებაზე. გამოკითხვის ძირითად შედეგებში ასახულია კმაყოფილება და მომართვიანობის მკვეთრი ზრდა წინა წელთან შედარებით.
სტუდენტური ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი მომავალ წელსაც გააგრძელებს აქტიურ მუშაობას სტუდენტების ფსიქო-სოციალური კეთილდღეობის მხარდასაჭერად და დაგეგმილია ახალი ინიციატივებისა და სერვისების დანერგვა, უსაფრთხო, მხარდამჭერი და განვითარების წახალისებაზე ორიენტირებული სივრცის კიდევ უფრო გაძლიერება.