News

ძილის უკმარისობა

ძილის უკმარისობა

ძილის უკმარისობა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს ან არ სძინავს მშვიდად ან საკმარისად ხანგრძლივად არ სძინავს.

ყველამ ვიცით, თუ რა მნიშვნელოვანია საკმარისი ძილი, მაგრამ ცოტა თუ ვხვდებით, რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს არასაკმარისმა ძილმა. უმეტესად, აუცილებელი 8 საათის ნაცვლად, ერთი საათით ნაკლები გვძინავს. გამოუძინებლობა მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენს ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე, შრომისუნარიანობასა და განწყობაზე.


 

როგორ მივხვდეთ, რომ გვაქვს ძილის ნაკლებობა

  • იმისათვის, რომ თქვენი ჩვეულებრივი საქმიანობა ხარისხიანად შეასრულოთ, თქვენთვის მეტად რთულია ფხიზლად ყოფნა.
  • გიჭირთ გარკვეულ საკითხებზე ფოკუსირება, გაგიუარესდათ ხანმოკლე მეხსიერება, რის გამოც გიჭირთ ახალი მასალის ათვისება.

  • გაქვთ შფოთვა, ადვილად ღიზიანდებით.

  • შესაძლოა, შეუსაბამო დროს ჩაგეძინოთ (მაგალითად, ავტომობილის მართვის დროს, ლექციაზე).

გთავაზობთ ძილის უკმარისობასთან გამკლავების სტრატეგიებს:

  • გააცნობიერეთ, რომ თქვენ გჭირდებათ ძილი იმისათვის, რათა დღის განმავლობაში იყოთ ფხიზლად და წარმატებით შეასრულოთ თქვენი საქმიანობა. თუ გძინავთ არასაკმარისად ან არ გძინავთ მშვიდად, ამან შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

  • ეცადეთ, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ.

  • კოფეინის შემცველი საკვები, სასმელი (ჩაი, ყავა და სხვა) მიირთვით მხოლოდ დილით.

  • მოერიდეთ ძილის წინ ალკოჰოლის მიღებას.

  • თქვენი საძინებელი მოაწყვეთ ისე, რომ იყოს მშვიდი, გრილი და არ იყოს ზედმეტად ნათელი.

  • შეეცადეთ, პრობლემები მოაგვაროთ დაძინებამდე.

  • ძილის წინ მოერიდეთ ტელეფონის გამოყენებას ან ელექტრონული წიგნების წაკითხვას. ერთი საათით ადრე გამორთეთ ყველა გაჯეტი. ტელევიზორი ჩაანაცვლეთ წიგნის წაკითხვით ან სასიამოვნო მუსიკის მოსმენით.

  • ივარჯიშეთ დღის განმავლობაში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ძილის წინ.

  • მოერიდეთ შუადღეს ხანგრძლივ ძილს. 20-30 წუთიანი მსუბუქი ძილი ამცირებს სტრესს. დღისით ამაზე მეტ ხანს დაძინება ღამის ძილის ჩვევებს დაგირღვევთ.

  • ძილის უკმარისობის დაძლევა და გაუმჯობესება შესაძლებელია ფსიქოლოგთან კონსულტაციით, რათა ის პრობლემები მოგვარდეს, რაც შესაძლოა იყოს ძილის უკმარისობის განმაპირობებელი.

  • საუკეთესო საშუალებაა დროის მენეჯმენტი, პასუხისმგებლობის გადანაწილება და, შესაბამისად, დასვენებისთვის დროის გამოყოფა.