2022 წლის 8-12 მაისს, E-PSY (ერაზმუს+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტ „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“) ფარგლებში, ბრაშოვის (რუმინეთი) ტრანსილვანიის უნივერსიტეტში (UTBV) განხორციელდა პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი. საქართველოს დელეგაცია ვორქშოპზე წარმოდგენილი იყო რვა უნივერსიტეტისა (კერძოდ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - პროექტის კოორდინატორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ქუთაისის უნივერსიტეტი) და თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისული ინტერვენციის სამსახურის სახით. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიტიდან მონაწილეობდნენ ნანული ცხვედაძე - ფსიქოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი; ხათუნა ამაღლობელი - ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი; ირმა შომახია - ფსიქოლოგი, სსუ-ის მოწვეული პედაგოგი. უცხოელ და ქართველ პარტნიორებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ქალბატონები - გუგული მაღრაძე და ნინო წერეთელი.
შეხვედრის მიზანი იყო UTBV-ში მოქმედი სტუდენტების ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრის მუშაობის გამოცდილების გაზიარება და ვორქშოპებში მონაწილეობით ცოდნის გაღრმავება.
ვიზიტის პირველ დღეს UTBV-ის ფსიქოლოგებმა ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს გააცნეს აღნიშნულ უნივერსიტეტში ცენტრის მუშობის სპეციფიკა, სტუდენტებისთვის განკუთვნილი სერვისები და აქტივობები.
ვორქშოპის მეორე დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ქალბატონები - გუგული მაღრაძე და ნინო წერეთელი, სსუ-ის პროფესორი ხათუნა ამაღლობელი და „თბილისი კისის“ ფსიქოლოგი ნათია ჭოჭუა მიიღო UTBV-ის ვიცე რექტორმა, დოქტორმა მიქაელა გჰეორგჰემ. შეხვედრა იყო საინტერესო და პროდუქტიული. ქალბატონ მიქაელას მიეწოდა ინფორმაცია სსუ-ის, მისი მიღწევებისა და მოლოდინების თაობაზე. დაისახა სამომავალო გეგმები.
ამავე დღეს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორი ოანა ალინა ბოტა ვიზიტის მონაწილეებს ესაუბრა კონსულტაციისა და კარიერული დაგეგმვის ცენტრის საქმიანობის შესახებ.
ასოცირებულმა პროფესორმა ანა მარია კაზანმა კი მონაწილეებს გააცნო კონსულტაციისა და კარიერული დაგეგმვის ცენტრის კვლევები, განხორციელებული პროექტები, ფსიქოლოგიური ტესტები, შეფასების ინსტრუმენტები, რომლებსაც იყენებენ სტუდენტთა ფსიქოლოგიური და საგანმანათებლო შეფასებისთვის, პროფესიული და კარიერული ზრდისთვის; სწავლა/სწავლების პროცესში წარმოშობილი სირთულეების დასაძლევად.
პროფესორმა დანიელა პორუმბუმ საქართველოს დელეგაციას გაუზიარა გამოცდილება სტუდენტების კონსულტირების თავისებურებებზე, ისაუბრა აკადემიური სტრესის დაძლევის მექანიზმებსა და სხვადასხვა ფსიქოლოგიურ თავისებურებაზე, რაც მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში.
ძალიან საინტერესო იყო ტარნსილვანიის უნივერსიტეტში დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებისათვის სხვადასხვა წარმატებული კომპანიის მიერ საკუთარი ორგანიზაციების სპეციფიკის გაცნობისა და სტუდენტებისთვის, მათი ცოდნისა და უნარების გათვალისწინებით, სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმების შეთავაზება პროფესიული და კარიერული ზრდის პერსპექტივით.
ვორქშოპის მესამე დღეს მონაწილეები ეწვივნენ ბრაშოვის ტრანსილვანიის უნივერსიტეტის კვლევით ცენტრებს. გაეცნენ მათ ინფრასტრუქტურას, მუშაობის სპეციფიკას, სტუდენტების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და აქტივობებს.
დღის მეორე ნახევარში ქართული დელეგაციის წარმომადგენლები შეხვდნენ ბრაშოვის რამდენიმე სკოლაში მომუშავე ფსიქოლოგებს, მიიღეს ინფორმაცია მათი საქმიანობის სპეციფიკის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეების კონსულტირებას, მათი უნარების შეფასებას და აქედან გამომდინარე, დახმარებას, რისკების პრევენციას, კარიერულ დაგეგმვას, ტრენინგებსა და სხვა სახის სერვისებს.
ყველა შეხვედრა, რომლებსაც კოორდინირებას უწევდა პროექტის კოორდინატორი ტრანსილვანიის უნივერსიტეტში, ასოცირებული პროფესორი დანიელა პოპა, დიალოგისა და დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა.
სამუშაო ვიზიტი ბრაშოვის ტრანსილვანიის უნივერსიტეტში იყო ინფორმაციული, ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული.