კომუნიკაცია ადამიანებს შორის ურთიერთობის ორმხრივი პროცესია, რომლის მიზანს წარმოადგენს სოციალური კავშირების დამყარება, ინფორმაციის, აზრების, ცოდნის, განცდებისა და ემოციების გაზიარება.
კომუნიკაციის სირთულეები უკავშირდება ადამიანებთან ურთიერთობის პროცესს, საკუთარი აზრებისა და ფიქრების გამოხატვას, ინფორმაციის გაცვლას, პირადი სივრცისა და ემოციების გაზიარებას და შესაძლოა, კონფლიქტისა და ფსიქიკური პრობლემების მიზეზიც კი გახდეს.
გთავაზობთ სტრატეგიებს კომუნიკაციის პროცესში პრობლემების თავიდან ასაცილებლად:
● კომუნიკაციის დროს მნიშვნელოვანია კომუნიკაციისთვის მზაობა და ღიაობა, მასში ჩართულ პირებს შორის დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და ინფორმაციის სიზუსტე.
● ეცადეთ, გაითვალისწინოთ და მინიმუმამდე შეამციროთ ყველა ის ბარიერი, რომლებიც ხელს შეუშლის ეფექტურ კომუნიკაციას.
● ყურადღებით შეარჩიეთ კომუნიკაციის ტექსტი, სიტყვები. შინაარსი უნდა იყოს ნათელი, გრამატიკულად გამართული, კონკრეტული და არაორაზროვანი.
● საუბრის დროს მოერიდეთ მონოტონურობას, სწორად შეარჩიეთ საუბრის ტემპი, ტონი, ინტონაცია.
● ყურადღება მიაქციეთ კომუნიკაციის დაწყებასა და დასრულებას, რადგან მსმენელი განსაკუთრებულად კარგად იმახსოვრებს დასაწყისსა და ბოლო ნაწილს.
● იყავით აქტიური მსმენელი. მოსმენა მხოლოდ ინფორმაციის გაგებას არ ნიშნავს. მოსმენისას კონცენტრირდით მოსაუბრეზე და შეეცადეთ, გაიგოთ არა მხოლოდ მოსაუბრის ინფორმაცია, არამედ მისი ემოციაც.
● გაზარდეთ მოსმენის ეფექტურობა. მიმართეთ ყურადღება მთქმელისკენ. ისმინეთ ყურადღებით. ეცადეთ, მოსაუბრეს სიტყვა არ შეაწყვეტინოთ.
● შეეცადეთ, შეამციროთ მოსმენის ხელისშემშლელი პირობები, რაც შეიძლება იყოს ფიზიკური (დაქვეითებული სმენა, ხმაურიანი გარემო, მოსმენასთან ერთად რამის კეთება და სხვ.) ან გონებრივი ხასიათის (ყურადღების გაფანტვა, სხვა რამეზე ფიქრი, წინასწარი განსჯა და ა.შ.).
● გაგების გაუმჯობესების მიზნით, მიიღეთ გაგონილი ისე, როგორც ის არის ნათქვამი. ნუ შეეცდებით წინასწარ, სანამ მოსაუბრე დაამთავრებდეს საუბარს, შეაფასოთ ნათქვამი ან შეეკამათოთ.
● ეცადეთ, მსმენელთან დაამყაროთ თვალით კონტაქტი, მოიპოვოთ ნდობა. გქონდეთ სიტუაციის შესაფერისი, ბუნებრივი ემოცია; იყავით პოზიტიური და გულწრფელი.
● თავი აარიდეთ ინფორმაციის დამახინჯებას, ამა თუ იმ მხარის გადამეტებულად წარმოჩენას, დადებითი და უარყოფითი დეტალებისგან გაფილტვრას და ობიექტური ინფორმაციის უგულებელყოფას.
● დასვით შეკითხვები გაგონილის შინაარსის დასაზუსტებლად, რაც გაგებაშიც დაგეხმარებათ და მოსაუბრესაც მიანიშნებს მის მიმართ ინტერესზე.
● გულდასმით ჩამოაყალიბეთ შეკითხვის შინაარსი. დასვით სწორი შეკითხვები.
● გამოიყენეთ არავერბალური კომუნიკაცია, ოღონდ დაიცავით ზომიერება.
● ეცადეთ, სწორად მართოთ ემოციები.
● მოსაუბრის მიმართ იყავით თავდაჯერებული, კეთილგანწყობილი, გულწრფელი, ემპათიური, ეთიკური.