2022 წლის 19 მაისს, ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა Erasmus+ პროექტით „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა“ (E-PSY) დაგეგმილი მრგვალი მაგიდა თემაზე: „ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობა“. ღონისძიება გახსნა პროექტის კოორდინატორმა, პროფესორმა ინდირა ძაგანიამ. მან ისაუბრა პროექტზე და აღნიშნა, რომ მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაამტკიცა ქვეპროექტი „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის მხარდაჭერა“, რომელიც მოიცავს იმ სახელმწიფო უნივერსიტეტებს, რომლებიც აღნიშნულ პროექტში არ არიან ჩართული. მრგვალი მაგიდის მონაწილეებს მიესალმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო თოფურიძე. ქ-ნმა ნინომ ხაზი გაუსვა პროექტის „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა“ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ანალოგიურ პროექტებს ყოველთვის ექნება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერა. მრგვალი მაგიდის თემის ირგვლივ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ფსიქოლოოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი კახი კოპალიანი, ასოცირებული პროფესორი ნანიკო ცხვედაძე, პროფესორი ხათუნა ამაღლობელი, ასისტენტ პროფესორი თამარ ადეიშვილი, სტუდენტები. ერთხმად აღინიშნა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია როგორც თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, რადგანაც ის განსაზღვრავს მისი საქმიანობის ხარისხსა და პროდუქტიულობას, ისე ზოგადად, საზოგადოების განვითარებისთვის. 20 მაისს სტუდენტებისთვის ვორქშოპი ჩაატარა სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ამაღლობელმა. 8-12 მაისს, პროექტის „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა“ პარტნიორი უნივერსიტეტების ფსიქოლოგები და სოციოლოგები იმყოფებოდნენ ბრასოვის (რუმინეთი) უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობდნენ ტრენინგებში. მათი განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა იმ ფაქტმა, რომ ბრასოვის უნივერსიტეტში არსებული ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი ორიენტირებულია არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ დახმარებასა და სწავლა/სწავლების პროცესში არსებული სიძნელეებით გამოწვეული სტრესის დაძლევაზე, არამედ ცენტრი ეხმარება სტუდენტებს პროფესიულ და კარიერულ ზრდაშიც. სწორედ აქ მიღებული გამოცდილება გახდა ვორქშოპის თემა.